პროექტის შესახებ

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, 

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

 

ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,

ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

  • - - -

რა არის?

ეს არის ყურძნის ბირჟა - ონლაინ პლატფორმა, სადაც მევენახეებს შეუძლიათ განაცხადონ ყურძნის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობის, ხარისხის, სასურველი გასაყიდი ფასისა და სხვა პირობების შესახებ. ამავე პლატფორმაზე მეღვინეებსა და ყურძნის შემსყიდველებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადები სასურველი შესყიდვების თაობაზე.

პლატფორმა პირველ რიგში მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო მევენახეებს მოიძიონ სასურველი მყიდველი, დააბინავონ მოსავალი.

ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა საფუძველს ჩაუყრის ბაზარზე ყურძნის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას.

 

როგორ მუშაობს?

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მარტივი ფორმით ყურძნის ბირჟის პლატფორმაზე როგორც

- გამყიდველი (მევენახე),-მყიდველი (ჩამბარებლები, ღვინის ქარხნები, კერძო შემსყიდველები),

- ან ორივე ერთად (თრეიდერები).

 

გაყიდვის განცხადება შეიცავს ძირითად ინფორმაციას ყურძნის ჯიშის, ხარისხის, რაოდენობის, სასურველი ფასის, რთველის მოსალოდნელი თარიღის და სხვა პირობების შესახებ.

 

ყიდვის განყოფილებაში განთავსდება მოთხოვნები სასურველი ჯიშის ყურძნის შესყიდვის რაოდენობა, ფასსა და სხვა პარამეტრებზე.

 

ამ ეტაპზე ვცდილობთ პლატფორმა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი.

 

რატომ?

წლების განმავლობაში და ამჯერადაც საზოგადოებასა და მთავრობაში ძირითადი ყურადღება ეთმობა მეღვინეებს, სუბსიდირება ხდება ყურძნის შემსყიდველების და არა მევენახეების. თუმცა კარგი ღვინის დასაყენებლად დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, აქვს ხარისხიან ყურძენს. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს მევენახის რთული შრომა არ არის საკმარისად დაფასებული და მას არ აქვს საშუალება და მექანიზმი, გაყიდოს თავისი მოყვანილი ყურძენი ხარისხის შესაბამის ფასად. წინასწარ თუ არ მონახა მევენახემ შემსყიდველი, რთველის დროს ყურძნის გაყიდვა კი არა, სწორად რომ “ჩაბარება” უწევს. ეს ტერმინიც შესაბამისად დამკვიდრდა. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყურძნის ბირჟის  პლატფორმა მოიპოვებს პოპულარობას და ბაზარზე დაამკვიდრებს ყურძნის ყიდვა/გაყიდვის სამართლიან ფასს.

 

ვინ ვართ?

ჩვენ ვართ ქართველი მევენახისა და გლეხის გულშემატკივართა ჯგუფი. კარგად და პატიოსნად მოვლილი ვენახიდან, კარგი ხარისხის ყურძნიდან იწყება კარგი ღვინის ისტორია. თუ არ დაუფასდა ურთულესი შრომა მევენახეს, ღვინის კი არა ქვეყნის ისტორიაც აირევა.

იმედია, ჩვენი ჯგუფი სწრაფად გაიზრდება, მევენახე თავის შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურების კმაყოფილი იქნება, მეღვინე კარგი ყურძნიდან საუცხოო ღვინოს დააყენებს, და ვინც ამ ღვინოს დალევს, დედის რძესავით შეერგება თითოეული წვეთი, რადგან ყველა, მევენახიდან დაწყებული, ღვინის მსმელით დამთავრებული, ყველა ბედნიერი იქნება.   


 

ელისო გოთოშია - ბრედა, იმიჯინერინგი, პროექტის ავტორი

ნოდარ მსუქნიშვილი - წინანდალი, მევენახე

ზურაბ გელაშვილი - წინანდალი, მევენახე

ირაკლი ქვათაძე - თბილისი, ვებ დევლოპერი
გიგა გოთოშია - მეწარმე, პროექტის ხელმძღვანელი